გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Reply to this topic Start new topic
 12 - 13 საუკუნეებში ტერმინს - აფხაზი 3 მნიშვნელობა ჰქონდა, ისტორიკოსი პროფესორი გიორგი ანჩაბაძე
 
mrgogi
პოსტი Sep 21 2011, 5:10
პოსტი #1


უსტუდბილეთო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 21-September 11
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 11,871
კურსი:3


აფხაზეთის ისტორიის გარშემო ისტორიკოსები შორის მრავალი წელია, დავობენ. სხვადასხვა საკითხებზე შეუთანხმებლობამ ხელი შეუწყო როგორც ქართულ, ისე აფხაზ საზოგადოებაში არასწორი სტერეოტიპებისა და წარმოდგენების ჩამოყალიბებას. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტთა ნაწილი სწორედ ისტორიულ საკითხებზე შეუთანხმებლობას და დაპირისპირებას მიიჩნევს.

რა განსხვავებაა ტერმინ „აფსუასა“ და „აფხაზს“ შორის? არსებობს თუ არა აფხაზურ ენაში „ზღვისა“ და „ნავის“ გამომხატველი ტერმინები?ამ და სხვა საინტერესო ისტორიულ საკითხებზე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გია ანჩაბაძე გვესაუბრება.

- საინტერესოა, მაინც რატომ ვერ შეთანმხდნენ ქართველი და აფხაზი ისტორიკოსები? როგორც ვიცით, ერთ-ერთი ასეთი საკითხი აფხაზთა წარმომავლობას შეეხება.

- უპირველეს ყოვლისა, მე არ ვიტყოდი, რომ აფხაზთა წარმოშობის საკითხში მეცნიერები ასე მკაცრად იყოფიან ეთნიკური ნიშნით – ქართველებად და აფხაზებად. არაერთი ცნობილი ქართველი მეცნიერის აზრით, აფხაზები აღმოსავლეთ შავიზღისპირეთის უძველესი მკვიდრები არიან. ზოგი მეცნიერი (ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა და სხვ.) იმასაც კი ვარაუდობდა, რომ დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზურ-ჩერქეზული ტომები წინ უსწრებდნენ ქართველურ მოსახლეობას, ანუ უფრო ძველი აბორიგენები არიან. ეს აზრი ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებული იყო, ფაქტობრივად, 1989 წლამდე, როცა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი მწვავე ფაზაში გადავიდა.

აზრი, გავრცელებული თანამედროვე ქართულ (ძირითადად პოპულარულ) ლიტერატურაში, თითქოს აფხაზები XVII–XVIII საუკუნეებში ჩამოსახლდნენ ჩრდილო კავკასიიდან, კრიტიკას ვერ უძლებს. წერილობითი წყაროებით, აფხაზური ტომები I საუკუნიდან ჩანან უწყვეტად დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუმცა სავარაუდოა, რომ ისინი უფრო ადრეც იქ ცხოვრობდნენ . ქართულ მეცნიერებაში დიდხანს იყო გავრცელებული აზრი, რომ რამდენიმე ათასი წლის წინ თითქმის მთელი დღევანდელი დასავლეთ საქართველო გურია-აჭარამდე და უფრო სამხრეთითაც აფხაზურ-ჩერქეზულ ტომებს ეკავათ. წერილობით წყაროებში საერთოდ დაფიქსირებულიც კი არ არის ჩრდილოეთიდან მოსახლეობის რაიმე მნიშვნელოვანი ნაკადის გადმოსვლა აფხაზეთის ტერიტორიაზე. სამაგიეროდ, მრავალი ცნობაა შემონახული იმის შესახებ, რომ მოსახლეობა სწორედ აფხაზეთიდან გადადიოდა მასობრივად ჩრდილოეთში. გვიანი შუა საუკუნეების ამ აფხაზი გადასახლებულების შთამომავალია დღევანდელი აბაზა ხალხი. გარდა ამისა, რიგი ჩერქეზული ტომიც თავს თვლის აფხაზეთიდან და შავიზღვისპირეთიდან წასულად. აფხაზთა ჩრდილოეთში გადასახლებებზე მეტყველებენ არა მარტო ზეპირგადმოცემები, ტოპონიმია, ენობრივი და ეთნოგრაფიული მასალები, არამედ წერილობითი წყაროების მონაცემებიც. კერძოდ, ამის შესახებ პირდაპირ წერენ XVII_XIX ს-ის დასაწყისის ისეთი ცნობილი ავტორები, როგორებიც არიან: ევლია ჩელები, კსავერიო გლავანი, კარლ პეისონელი, იოჰან გიულდენშტედტი, იაკობ რეინეგსი, პეტრე პალასი, იან პოტოცკი და სხვ. ყოველივე ზემოთქმულზე დაყრდნობით კავკასიოლოგიაში დიდი ხნის დადგენილია აბაზების წარმოშობა ისტორიული აფხაზეთის ტერიტორიიდან. აფხაზური ტომების ჩრდილო კავკასიაში გავრცელების შედეგად დასავლეთ კავკასიონის ორივე ფერდობი (ჩრდილოეთი და სამხრეთი) აფხაზებით დასახლებული აღმოჩნდა. ამიტომ XVIII ს-ის უცხოურ წყაროებში დღევანდელ აფხაზეთს ეწოდება დიდი აფხაზეთი, ხოლო მდ. ყუბანის აუზის ზემო ნაწილს კი – მცირე აფხაზეთი.

- რა განსხვავებაა ტერმინ „აფსუასა“ და „აფხაზს“ შორის?

- „აფსუა“ არის აფხაზების თვითსახელწოდება, ანუ ავტოეთნონიმი, ხოლო „აფხაზი“ – მათი ყველაზე გავრცელებული ალოეთნონიმია, ანუ სახელი, რომელსაც სხვა ხალხები უწოდებენ. ისევე, როგორც „ქართველი“ არის ჩვენი ავტოეთნონიმი, ხოლო ტერმინები: „გურჯი“, „გრუზინ“, „ვრაცი“, „ჟორჟიენ“ და სხვა – ალოეთნონიმებია. ამრიგად, „აფსუა“ და „აფხაზი“ სხვადასხვა ხალხების სახელწოდებები კი არ არის, არამედ ერთი ხალხის – აფხაზების სახელწოდებაა, პირველი - აფხაზურ ენაზე, მეორე კი - ქართულ ენაზე, საიდანაც გავრცელდა ბევრ სხვა ენაში.

- ისტორიულ წყაროებში როდიდან ფიქსირდება აფხაზური ენა და როდის წარმოიშვა აფხაზური დამწერლობა?

- აფხაზური ენის პირველი დაფიქსირება წერილობით წყაროებში უნდა იყოს „ქართლის ცხოვრებაში“ მოტანილი ცნობა, რომ თამარ მეფემ თავის ვაჟსა და მემკვიდრეს – გიორგის უწოდა მეორე სახელი „ლაშა“, „რომელი განმანათლებლად სოფლისა ითარგმანა აფსართა ენითა“. ტერმინი ლაშა (ალაშა) აფხაზურ ენაზე დღესაც სინათლის სხივს ნიშნავს, ხოლო ეთნონიმი „აფსარი“ უნდა წარმოდგებოდეს აფხაზთა თვითსახელწოდებიდან – „აფსუა“. როგორც ჩანს, მემატიანემ ამ ეთნონიმის გამოყენება იმიტომ ირჩია, რომ მკითხველისათვის ეჩვენებინა, კერძოდ რომელი აფხაზების ენაზე ნიშნავდა სინათლის სხივს „ლაშა“. საქმე ისაა, რომ XII–XIII საუკუნეებში ტერმინს - „აფხაზი“ სამი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი აღნიშნავდა: 1) საკუთრივ აფხაზებს, 2) დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას (ეთნიკური აფხაზების ჩათვლით) და 3) სრულიად საქართველოს მოსახლეობას. ეს იყო გამოხატულება იმ დიდი როლისა, რომელიც აფხაზება შეიტანეს საქართველოს გაერთიანების საქმეში.

შემდეგი დროის ავტორთა თხზულებებში უკვე ვხვდებით პირდაპირ ცნობებს აფხაზთა ცალკე ენის არსებობის შესახებ. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობილი თურქი მოგზაურის ევლია ჩელებიას მონათხრობი, რომელმაც 1641 წელს იმოგზაურა აფხაზეთის სანაპიროზე და საინტერესო ჩანაწერები დაგვიტოვა „არაჩვეულებრივი და გასაოცარი აბაზას ენის“ შესახებ (თურქულად აფხაზს ეწოდება „აბაზა“). მას მოაქვს ცალკეული აფხაზური სიტყვები (ჩაწერილი თურქულ-ოსმალური ანბანით) და მთელი წინადადებები სათანადო თარგმანით. ეს მასალა არავითარ ეჭვს არ ტოვებს, რომ სწორედ აფხაზური ენის აღწერაა.

ის ფაქტი, რომ აფხაზური ენის ნიმუშები მხოლოდ XII ან, თუ გნებავთ, XVII ს-დან არის დაფიქსირებული, სულაც არ ნიშნავს, რომ უფრო ადრე აფხაზეთში აფხაზურენოვანი მოსახლეობა არ არსებობდა. ქართული ენის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნიმუშები ახ.წ. V საუკუნეს ეკუთვნის; სხვა ქართველური ენების (მეგრულ-ჭანური და სვანური) მასალები კი XVII–XVIII სს-ში ჩანან პირველად, მაგრამ ეს ფაქტები ისე ხომ არ უნდა გავიგოთ, რომ ამ ენებზე მანამდე არავინ ლაპარაკობდა? პირიქით, ცნობილია, რომ სვანური უფრო ძველი ქართველური ენაა.

საკითხი, თუ როდის წარმოიშვა აფხაზური დამწერლობა, საკამათოა. ზოგი რუსი და აფხაზი მეცნიერი ვარაუდობს, რომ აფხაზური დამწერლობა ძველ დროში არსებობდა. მეცნიერთა უმრავლესობა კი ამ აზრს არ იზიარებს. ისინი თვლიან, რომ დამწერლობა აფხაზურ ენაზე პირველად გაჩნდა XIX ს-ის მეორე ნახევარში. მეც ამ აზრისა ვარ. ის ფაქტები, რომლებიც მოყავთ აფხაზური დამწერლობის ძველ დროში არსებობის მომხრეებს, სრულიად არასაკმარისია მათი ვარაუდის დასამტკიცებლად. მიუხედავად ამისა, დამწერლობის გვიან გაჩენის ფაქტი რაიმე უცნაურობას არ წარმოადგენს. კავკასიაში 50-ზე მეტი ადგილობრივი ხალხი ცხოვრობს. ენების რაოდენობა უფრო მეტია, მაგრამ მათგან მხოლოდ ქართულ და სომხურ ენებს აქვთ ძველი დამწერლობა.

ჩვენს საზოგადოებში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, თითქოს აფხაზურ ენაში არ არსებობს „ზღვისა“ და „ნავის“ გამომხატველი ტერმინები. აქედან კეთდება დასკვნა, რომ აფხაზები ისე ცოტა ხნის წინ არიან ჩამოსულები ზღვის სანაპიროზე, რომ ჯერ მისი სახელიც ვერ გამოუთქამთო. არ ვიცი პირველად ვინ მოიგონა ეს ყალბი „არგუმენტი“. თუმცა, უბრალო ლოგიკა გვკარნახობს, რომ ხალხს, რომელსაც თუნდაც რამდენიმე წელიწადი უცხოვრია ზღვასთან, არ შეიძლება ენაში მისი დასახელება არ ჰქონდეს. აფხაზები კი ზღვასთან უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ და მათი ენაც მდიდარია საზღვაო ლექსიკით. როგორც ზღვისპირეთის მცხოვრებლები, აფხაზები მისდევდნენ საზღვაო რეწვასა და მეკობრეობას. ისინი საკმაოდ შორს ცურავდნენ. ჰოლანდიელი მეცნიერი ნიკოლას ვიტსენი 1692 წ. წერდა აფხაზი მეკობრეების შესახებ, რომ მათ გამო ზოგჯერ ფერხდებოდა გემების მიმოსვლა კაფასა (ყირიმი) და კონსტანტინოპოლს შორის. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობითაც, აფხაზები „ზღუასა შინა მაგარნი და ძლიერნი“ იყვნენ. ასეთი ცნობები საკმაოდ ბევრია. განვითარებულ ზღვაოსნობასთან დაკავშირებული იყო გემთმშენებლობა, რომელმაც XIX ს-ის მეორე ნახევრამდე იარსება. აფხაზური ხომალდები 100-მდე კაცს იტევდნენ და პატარა ზარბაზნებით იყვნენ შეიარღებულნი. თუმცა აფხაზებს უფრო დიდი გემების აშენებაც შეეძლოთ. არსებობს ცნობა, რომ 1802 წლის ახლოს აფხაზეთის მთავარმა ქელეშ-ბეგმა ოსმალეთის სულთანს საჩუქრად მიართვა თავის ქვეყანაში აგებული 60-ზარბაზნიანი ხომალდი.

- რა ენაზე საუბრობდნენ აფხაზი მთავრები?

-რა ენაზე ლაპარაკობდნენ უძველესი დროის აფხაზი მთავრები, ამის მაჩვენებელი პირდაპირი მასალები არ არსებობს, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ მათი მშობლიური ენა აფხაზური იყო. გარდა ამისა, სხვადასხვა პერიოდებში აფხაზეთის მთავრები და დიდი ფეოდალები ფლობდნენ აგრეთვე ბერძნულ, ქართულ, თურქულ-ოსმალურ ენებს. XIX ს-დან კი რუსულ ენასაც. ქართული ენის ცოდნა აფხაზ დიდებულებში, ალბათ, ფართოდ გავრცელდა VIII–IX სს-დან. ვახუშტის ცნობით, აფხაზებს „ენა საკუთარი თვისი აქუსთ, არამედ უწყიან წარჩინებულთა ქართული“. წერილობით წყაროებში ფეოდალური აფხაზეთი ყველაზე კარგად არის გაშუქებული XIX ს-ში. ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზეთის მთავრები და თავადები აფხაზურის გარდა ფლობენ ქართულ, თურქულ, შემდეგ ასევე რუსულ ენებს. კერძოდ, ამ ენებზე ახორციელებდნენ ისინი მიმოწერას. აფხაზური კი მათი მშობლიური სალაპარაკო ენა იყო. შემთხვევითი არ არის, რომ აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟი გიორგი შარვაშიძე (1846–1918) - ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დიდი პატრიოტი, შესანიშნავად ფლობდა აფხაზურ ენას. თანამედროვეთა ცნობით, ისეთ წმინდა და დახვეწილ აფხაზურ ენაზე იმ დროს უკვე აღარავინ ლაპარაკობდა.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია mrgogi: Sep 21 2011, 5:12
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th July 2019 - 13:15
Skin by Sherri for IBSkin © 2007-2011 All rights reserved.

Powered By IP.Board © 2011 IPS, Inc.
Language pack Georgian by Power_VANO.
www.wsa.ge Display Pagerank